სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი: დღეს სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი – გიორგი მიქელაძე მივიდა.
მისი თქმით, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და ასევე, დღესვე, მას ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა.
“შეთანხმებულები ვართ პენიტენციურ სისტემასა და ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. შეთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩატარდეს, მასში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეული სპეციალისტი მიიღებს, საუბარია სამედიცინო სახის ექსპერტიზაზე, რომლის საშუალებითაც განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და ამის შემდეგ, ექსპერტი შესაბამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გასცემს”, – აცხადებს გიორგი მიქელაძე.