შარლ მიშელი: საქართველოში ვიზიტისას დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შუამავლობის შესაძლებლობა

კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისას ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ბევრად ძლიერები და ეფექტურები, თუ ვიქნებით უფრო პრაგმატულები და თანმიმდევრულები, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიშელმა საქართველოში ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მან დაინახა დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შუამავლობის შესაძლებლობა.

“გლობალური საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ გლობალური თანამშრომლობით არის შესაძლებელი, გავლენის მოხდენის საუკეთესო გზა არის დიპლომატიური წარმომადგებლობა და დიპლომატიური ჩართულობა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მეზობლების, კონკურენტებისა და მოწინააღმდეგეების ცოდნას და უკეთესად გაგებას. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობ, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას. ეს მაძლევს ცოდნას, რომ გავუზიარო ჩემს კოლეგებს ევროსაბჭოში ან სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტს.

დიპლომატია ასევე ნიშნავს შესაძლებლობების გამოყენებას. გასულ გაზაფხულს, როდესაც ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში ვიმყოფებოდი ვიზიტით, მე დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შუამავლობის შესაძლებლობა. ანალოგიურად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ჩემი კონტაქტის შემდეგ, ევროკავშირმა შეძლო ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტის შემდგომი შეთანხმების მისაღწევად შუამავლობა. ევროკავშირს შესასრულებელი აქვს როლი, მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ამბობენ, რომ ევროკავშირს არ აქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა გლობალური ძალის როლი აიღოს საკუთარ თავზე.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტრუმენტი, ხშირად მოულოდნელი, გარე მოთამაშეებზე გავლენის მოსახდენად. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ბევრად ძლიერები და ეფექტურები თუ ვიქნებით უფრო პრაგმატულები და თანმიმდევრულები. კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს. თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად თანმიმდევრულები. ევროკავშირის პოლიტიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, განვითარება, კონკურენცია, სამეზობლო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედებები, ხშირად იმართება იზოლირებულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები