TDI – კრიტიკულად აუცილებელია, როგორც სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე სახელმწიფოს გადარჩენა დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან
დღეს კრიტიკულად აუცილებელია, როგორც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მისი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტა, ასევე სახელმწიფოს გადარჩენა დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან, – ამის შესახებ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს.
„ხელისუფლების მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმა, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი საპატიმროშივე უნდა გაიმართოს, მის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე უფლებადარღვევები: შემზარავი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სავარაუდო ძალადობა, დიდ ბარიერს აღმართავს ყველა მცდელობის წინაშე, დავუბრუნდეთ მშვიდ პოლიტიკურ გარემოს, ძირს უთხრის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ამ ვითარებაში, საფრთხე ექმნება თითოეული ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
დღეს კრიტიკულად აუცილებელია, როგორც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მისი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტა, ასევე სახელმწიფოს გადარჩენა დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.