სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, უწყება შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ამასთან, სამსახური, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლებს სააკაშვილსა და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით.
„სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მ. სააკაშვილის ადვოკატთან მ. სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით. ამ უკანასკნელის გამოკითხვის შემდგომ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მ. სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ამასთან, სამსახური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლებს მ. სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.