„ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია – შესაძლებლობები და გამოწვევები” თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შექმნილი თემატური მოკვლევის „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია – შესაძლებლობები და გამოწვევები” სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.
პრლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის” (ICMPD) მხარდაჭერით შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის პროექტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გაცნობა.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის შრომით ბაზარში საქართველოს უსაფრთხო ინტეგრაციის შესაძლებლობები; შრომითი მიგრაციის რეგულირების ძირითადი ასპექტები; ლეგალური მიგრაციის რისკები და შესაძლებლობები; ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ტენდენციები და რეგულირების ძირითადი საშუალებები, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე შესაძლებლობები; ევროკავშირის შრომითი ბაზრის პოლიტიკა; დასაქმების მოდელები; პროფესიული საჭიროებები და მათთან საქართველოს შესაძლებლობების თანხვედრა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი გამოწვევების გათვალისწინებით, ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 31 მაისს კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით თემატური მოკვლევა დაიწყო.
თემატური მოკვლევის ანგარიშის შემუშავებაში მოკვლევის სამუშაო ჯგუფს დახმარებას უწევდა „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის” ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” (ENIGMMA 2) ფარგლებში ექსპერტი. თემატური მოკვლევის ფარგლებში 2021 წლის 18-19 ოქტომბერს ჩატარდა ორი საკომიტეტო მოსმენა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს მოუსმინეს.