ადვოკატი: სააკაშვილი წვენს რომ იღებდა, ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელიაო და გაასაჯაროეს, მისი სასამართლო პროცესი არ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი?!
“რატი ბრეგაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი მედიის გაშუქების გარეშე ჩაატაროს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
ბასილაიას თქმით, ადვოკატების მოთხოვნაა, რომ 10 ნოემბრის პროცესი სასამართლო დარბაზში, მედიის თანდასწრებით ჩატარდეს.
„სასამართლო პროცესი აუცილებლად უნდა ჩატარდეს მედიის თანდასწრებით. დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი პროცესები ტარდება მედიის გაშუქების ფონზე. რატი ბრეგაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი მედიის გაშუქების გარეშე ჩაატაროს, არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა. ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი წვენს რომ იღებდა, ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელიაო და გაასაჯაროეს, სააკაშვილის პროცესი არ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი მიჩქმალულად რომ არ ჩაატარონ? ვითხოვთ, რომ 10 ნოემბერს პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და მისი სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცეს მედიას“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.