ვახტანგ ჭარაია: 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ წელს შეიძლება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რეალისტურია
„2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ წელს შეიძლება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რეალისტურია. მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ EBRD-მა საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 7.5 პროცენტზე იწინასწარმეტყველა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქსტატმა წინა თვეების და კვარტლების წინასწარი მონაცემები დააზუსტა და გაზარდა, შესაბამისად, 10%-იანი ზრდაც ადეკვატურია,” – განაცხადა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.
ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მისი ინკლუზიურობის კუთხით გაძლიერება, რაც კეთილდღეობის განაწილებაში მთლიანი მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს.
„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2021 წელს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მომჯობინება და, ჩემი აზრით, აუცილებელია ამ დარგების სრული კლასტერიზაცია შემოსავლების სრულად ათვისებისა და იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად,“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
მისი ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროგნოზიდან ირკვევა, რომ ნომინალურმა GDP-მ 65 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს, რაც მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით 5.55 დოლარს ნიშნავს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი პარამეტრი იქნება ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გასაუმჯობესებლად და უცხოელი ინვესტორების საქართველოთი უფრო მეტად დაინტერესების კუთხით.
ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ახალ ბიუჯეტთან მიმართებით, კიდევ რამდენიმე საინტერესო პარამეტრია გასათვალისწინებელი. კერძოდ, დეფიციტის 4.2%-მდე შემცირება, რომელიც პანდემიის გამო კრიტიკულად იყო გაზრდილი და მნიშვნელოვან პრობლემებს გვიქმნიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობისა თუ ლარის გაცვლითი კურსის კუთხით. საგარეო ვალი კი, როგორც იქნება, ჩამოსცილდება 60-პროცენტიან ზღვარს და 52.8 პროცენტამდე დაიწევს, რაც საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში საგარეო ვალები ჯერ ისევ ზრდის ტენდენციით ხასიათდება.