მეუფე ნიკოლოზი: მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, კლინიკაში გადაყვანა ვფიქრობ, რომ ჰუმანურია და საჭიროა
“მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ჰუმანური და საჭიროა.
“მე ვიმყოფებოდი სულ თავიდან საპყრობილეში, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. ვნახე სრულად ჯანმრთელი, ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, რაც მე შევატყვე, ოღონდ ძალიან დასუსტებულია. კლინიკაში გადაყვანაზე ვფიქრობ, რომ ადამიანურია, ჰუმანურია და საჭიროა. ის მძიმე სტრესის ქვეშ არის, 40 დღეა, მარხულობს და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა აგოს თავის დანაშაულზე პასუხი, მაგრამ განსჯა უნდა იყოს ადეკვატური“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.