მეგის ქარდავა არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გააჩნია სურვილი, რადგან პოლიტიკური ნიშნით დევნილია – ადვოკატი
არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გააჩნია სურვილი, რადგან არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი , – ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მსჯავრდებული მეგის ქარდავას ადვოკატმა გია გოროზიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მეგის ქარდავა თვლის, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნება და უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
„სრული უნდობლობის გამოხატვით ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გააჩნია არანაირი სურვილი, რადგან არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი. შესაბამისად, უნდობლობას უცხადებს როგორც სასამართლოს, ასევე გამოძიებას. ზოგადი მიმოხილვა მოხდა ძალიან მცირე დროით.
მაშინ, როდესაც პროკურატურამ მას გააცნო ე.წ. განჩინება, ეს მისთვის იყო მოულოდნელი. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე გამოვიდა პენიტენციური დაწესებულებიდან, მეც მქონდა შესაბამისი შეკითხვა, ჩემს შეკითხვაზე გაიკვირვა კიდევაც ვინ არიან აღნიშნული პირები. ფაქტს და კონკრეტულ გარემოებას ვერ იხსნეებს. არანაირი სახის მტკიცებულება მე არ გადმომცემია, უბრალოდ ზოგადი მიმოხილვა იყო იმასთან დაკავშირებით, რაც ასახული იყო განჩინებაში“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი – ბრალდებული. პროკურატურამ მეგის ქარდავას მიმართ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის მარტში, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს შეეხება, როცა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.