სააკაშვილის პირადი ექიმი: თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეხსიერებაში პრობლემები იყოს

თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეხსიერებაში იყოს პრობლემები, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავში, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც შევედი, ჯერ განვიხილეთ ბოლო ტესტები, რომელიც დღეს საღამოს გაკეთდა. ტესტებში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო, თუმცა, რაღაც-რაღაცები იყო გაუარესებული – არ ვიტყვი, რომ რაღაც დრამატული ცნობები ვნახეთ. შემდეგ გავესაუბრეთ პრეზიდენტს, მისი მდგომარეობა იგივეა, რაც გუშინ იყო, ნელ-ნელა მძიმდება. ასე რომ, ახალი არაფერი არაა. შიმშილობის დროს ადამიანი უარესად ხდება და უფრო მეტი პრობლემა გვექნება წინ. ამისთვის საჭიროა, ჰოსპიტალიზაცია. შიმშილობის დროს მარტო ღვიძლი არ ზიანდება, არამედ მთელი ორგანიზმი. ასე რომ, სანახავია ბევრი სპეციალისტის მიერ. რაში გჭირდებათ მრავალპროფილური საავადმყოფოო, რომ ამბობენ, იმიტომ, რომ ნახოს ბევრმა სპეციალისტმა.

თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეხსიერებაში იყოს პრობლემები. ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, რომელშიც შედის მისი პირადი ექიმი ჰოლანდიიდან, რომელიც მკურნალობდა მას კოვიდის დროს და ასევე რამდენიმე ექიმი. თუმცა, პირველ კომისიაზე ის უარს არ იძახის. სანამ მეორე კომისიას არ შეხვდება, არ შეხვდება პირველ კომისიას. ეს იმიტომ კი არა, რომ პირველი კონსილიუმი ცუდი იყო, არავითარ შემთხვევაში. ორივე კომისია მოსწონს, მაგრამ ალტერნატიულიც უნდა, რომ ნახოს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციითვე, ექიმთა კონსილიუმი, რომელიც 5 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გამოდის, რომ აღარ შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები