სოხუმში აქციაზე ე.წ. შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ – დიმიტრი დბარი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა
სოხუმში 30 სექტემბერს ე.წ.ძალოვანებსა და ომის ვეტერანებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო ე.წ.შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარემ, ახრა ბჟანიამ.
“გმადლობთ, რომ მოხვედით, იცით, რა დროს ვცხოვრობთ, ჩვენი ბევრი საყვარელი ადამიანია ავად. ძალიან გთხოვთ, დაიცვათ დისტანცია, გაიკეთეთ ნიღბები. ეს არის პროტესტი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის წინააღმდეგ. აღმოჩნდა ისე, რომ საზოგადოების ნაწილი აქ არის, მეორე ნაწილი კი – ორასი მეტრის მოშორებით. მივმართავთ ყველას, ჩვენ აფხაზეთის მომავალზე ვფიქრობთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ მოხვედით და მიატოვეთ საქმეები”, – განაცხადა ბჟანიამ.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ინციდენტი ობიექტურად გამოძიებული არ არის.
რაც შეეხება დიმიტრი დბარს, მან გამოძიების დასრულებამდე საკუთარი ნებით ე.წ.უფლებამოსილების შესრულება შეიჩერა.
2 ნოემბერს, ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას განცხადების შემდეგ, რომ ე.წ.შსს-ს ხელმძღვანელის მიმართ არ იქნა აღმოჩენილი დანაშაულის ნიშნები, დე ფაქტო პრეზიდენტმა დბარი ე.წ. თანამდებობაზე აღადგინა.
ცოტა ხნის წინ კი გახდა ცნობილი, რომ დიმიტრი დბარი დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში მივიდა.