სააკაშვილის ადვოკატი: გვახსოვს ოქრუაშვილი-უგულავა-რურუას საქმეები, როცა სალომე ზურაბიშვილმა მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო – მისი გუშინდელი განცხადებები არაფერს ნიშნავს
“ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას საქმეები ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, სალომე ზურაბიშვილი თავიდან იყო უარზე, ჯიუტობდა, მაგრამ როგორც კი საერთაშორისო წნეხი იყო, როგორც კი ოპოზიციის მხრიდან იყო ერთსულოვნება, მან მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
როგორც ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არაფერს ნიშნავს.
“სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის ფარგლებში. ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას საქმეები ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, სალომე ზურაბიშვილი თავიდან იყო უარზე, ჯიუტობდა, მაგრამ როგორც კი საერთაშორისო წნეხი იყო, როგორც კი ოპოზიციის მხრიდან იყო ერთსულოვნება, მან მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება. შესაბამისად, მისი გუშინდელი განცხადებები არაფერს ნიშნავს, ხვალ და ზეგ, როცა ქართველი ხალხი, მოქალაქეები კიდევ უფრო მკაფიოდ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის ეს პათოსი სადღაც გაქრება”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.