თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.
ქარდავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი აქვს ციხეში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესი სწორედ ამ ეპიზოდს ეხება. საუბარია ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიასა და კობა მატკავას წამების საქმეებზე.
ბრალდების მხარის ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს, დაახლოებით, 03:00 საათზე საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილე მეგის ქარდავამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძესთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილედ დასახელების მოთხოვნით აწამა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ჩადენის ბრალდებით დაპატიმრებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია, კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდა მათ, აწამებდა ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.
მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა. მის წინააღმდეგ წარმოებული, სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, ექვს საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.