ნიკა მელია: მირჩევნია, სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
“ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესია, რაშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა იწყება და ჩვენ მას მივიყვანთ ბოლომდე. არცერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები. ჩვენ მოგვპარეს არჩევნები. მოგვპარეს ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდით. და რადგან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გაუსწორებს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის ვართ მზად. მეკიხებიან: რას აპირებთ, საპროტესტო აქციებისკენ უნდა წაიყვანონ ქვეყანა? – ამ დროს კონტრშეკითხვას ვსვამ – ბელორუსად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს”. – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე “სიმართლე არ გაიმარჯვებს”.
‘’ფართომასშტაბიანი აქციები არ შენელდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს, უახლოეს მომავალში და არა ორ თვეში ან სამ თვეში…. მეორე შეკითხვა იბადება, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? – პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც უკანონოდ გამოკეტილია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში, როგორც ჩვენი თანამებრძოლის და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, არ არის ჩვენი სურვილი, ეს არის ვალდებულება… მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.