ირაკლი ბერაია: უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო განათლებისა და უნარების მქონე ადამიანების მოზიდვა, მოტივირება
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან ერთი წელი გავიდა. ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმების შემდგომი გაძლიერებისთვის”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო განათლებისა და უნარების მქონე ადამიანების მოზიდვა, მოტივირება, მომზადება/გადამზადება და იმ სფეროებში ჩართვა, სადაც მათი უნარები და შესაძლებლობები მაქსიმალური შედეგის მომტანია.
“ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს საფრთხეების ცვალებადობის შესაბამისად, უსაფრთხოების საჭიროებების გათვალისწინებით.
სწორედ ამ ამოცანების შესრულებაში ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ახალ სასწავლო ცენტრს და მის სპეციალურ პროგრამებს. სასწავლო ცენტრი, რომელსაც გააჩნია საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების ინსტრუქტორებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში.
დაარსებიდან ასეთ მოკლე პერიოდში ცენტრმა შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყებისა და პროექტის განხორციელება, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ფოკუსირება. ამ ერთი წლის განმავლობაში ცენტრის საქმიანობა იყო საკმაოდ წარმატებული, რაც აისახა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზეც.
წარმატებებს ვუსურვებ უსაფრთხოების სამსახურის ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს დასახული ამბიციური მიზნების მიღწევაში”, – წერს ბერაია.