გივი მიქანაძე – ოპოზიციაზე: მათი ფუნქციაა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ვერ გამოსდით
“მათი ფუნქციაა, რომ არიონ სიტუაცია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ვერ გამოსდით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის დატოვების გადაწვეტილებას მიიღებენ, ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის.
“დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილმა, განსაკუთრებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მათი პარლამენტში შემოსვლის დღიდან, მაისიდან დღემდე, 6 თვის განმავლობაში რა გააკეთა?! – მარტივია პასუხი – არაფერი არ გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ დესტრუქცია გამოევლინათ, მცდელობები ჰქონდათ, რომ საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელი შეეშალათ, რაც მათ ვერ გამოუვიდათ და არც არასოდეს გამოუვათ. ნახეს, რომ მათი ადგილი პარლამენტში არ არის. მათი ფუნქციაა, რომ არიონ სიტუაცია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ვერ გამოსდით. შესაბამისად, თუ ისინი მიიღებენ გადაწვეტილებას, რომ დაწერონ განცხადებები, ჩვენ მთელი სერიოზულობით მოვეკიდებით ამას და დიდი ალბათობით დავაკმაყოფილებთ. ჩვენ ვნახეთ ორიოდე დღის წინ, რომ საკუთარი აქტივის 1000 კაცსაც ვერ მოუყარეს თავი. მაგრამ თუ ოპოზიციის ქმედებები გადაიზრდება ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.