საქართველოს პარლამენტმა სემეკ-ის წევრად მეორე ვადით გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით აირჩია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია.
სემეკ-ის ინფორმაციით, ის კომისიის წევრის თანამდებობას მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს. სემეკ-ის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის წარდგინებით, კომისიის წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანახელმოწერით, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრი აირჩია რეგლამენტით დადგენილი წესით. გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. მას აქვს სემეკ-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან. წლების განმავლობაში სემეკ-ში გიორგი ფანგანს ეკავა სხვადასხვა პოზიცია, ხოლო 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა იგი ხმათა უმრავლესობით სემეკ-ის წევრად, პირველი ვადით აირჩია.
გიორგი ფანგანი მონაწილეობდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე სხვადასხვა ნორმატიული აქტების შექმნაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში. მისი ინიციატივით შემუშავდა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში იყო ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი, ასევე ხელმძღვანელობდა სემეკში განხორციელებულ არაერთ საერთაშორისო პროექტს, ხოლო ამჟამად არის ევროკავშირის დაფინანსებით სემეკ-ში მიმდინარე მეოთხე დაძმობილების პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან. გიორგი ფანგანს ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.