ლევან დავითაშვილი: გლაზგოში მიმდინარე, კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერმინისტრის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის

გლაზგოში მიმდინარე, კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერმინისტრის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე, დღეს ტყის და მიწათსარგებლობის დეკლარაციის ინიცირება მოხდება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და რომელზეც საქართველომ დაადასტურა შეერთების მზაობა და წარადგინა ნოტიფიკაცია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საქართველოს ტყეების დაცვის აუცილებლობასა და ემისიების შთანთქმის უნარის გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ გლაზგოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე სამიტის ფარგლებში (COP26), საქართველო უკვე მიუერთდა აშშ-ის ინიციატივას მეთანის ემისიების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ასევე, ინიციატივას „ინოვაციები სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების დასაძლევად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები