გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი: სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი ბრალდების მხარის მიმართ არაეთიკურად იქცეოდა და ირონიული იყო

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის რძლის, ნინო გულიაშვილის განცხადებით, გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულებს საქმის არსი გააცნო, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი ბრალდების მხარის მიმართ არაეთიკურად იქცეოდა და ირონიული იყო. თამაზ გორთამაშვილის ოჯახმა პროკურატურას საქმის მოსამართლის, გოგა კუპრეიშვილის აცილების მოთხოვნით მიმართა.

“გუშინდელი სხდომის საფუძველზე, დღეს მივმართე პროკურატურას და საჩივარი დავწერე მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის წინააღმდეგ. გუშინ სასამართლო სხდომაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს მიკერძოებას. მთელი სხდომის განმავლობაში, მოსამართლის მხრიდან ირონიის გამოვლენას ჰქონდა ადგილი. ბრალდებას, რაც იქ მყოფი ოჯახის წევრებისთვის უდიდესი ტრაგედიაა, ღიმილით არ უნდა კითხულობდე.

მოსამართლე მთელი სხდომის განმავლობაში ირონიული იყო. გამიკვირდა, რომ ამ ყველაფერს არ მალავდა, პირდაპირ აწვდიდა ნაფიც მსაჯულებს ისეთ მესიჯებს, რომ პატივისცემით იყო განმსჭვალული ბრალდებულის მიმართ. ძალიან ბევრ შენიშვნას აძლევდა ბრალდების მხარეს. დღეს ერთი განცხადება შევიტანე დამოუკიდებელი ექსპერტის სახელზე, მეორე განცხადებას გორის რაიონულ სასამართლოში შევიტან, რომ განიხილონ საქმე და გამოძიება დაიწყოს, თუ რა ინტერესები აქვს, არის თუ არა ეს მიკერძოება?“, -აღნიშნავს ნინო გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები