პროკურორი: მოსამართლე კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის დისკრედიტაცია მოახდინა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია, რისთვისაც მის აცილებას ვითხოვთ

პროკურატურა მიიჩნევს, რომ მოსამართლე კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის დისკრედიტაცია მოახდინა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია. ამის შესახებ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებმა განაცხადეს. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც პროკურორები განმარტავენ, მოსამართლემ გასულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდა, რითაც მისი საქმისადმი დამოკიდებულება გამოვლინდა.
პროკურორების თქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, ვინაიდან ისინი მოსამართლის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამენ.
2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.
ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები