„დრო ფიქრობს ჩვენზე“ – სამშობლო, რომელიც შიგნიდან გწვავს და წიგნი, რომლის ყოველი სტრიქონიც ადამიანს ეკუთვნის

ბოლნისის რაიონში დაიბადა. ბავშვობიდან წერდა. ბოლოს კი იურისტობა გადაწყვიტა.
წერა არ შეუწყვეტია, პირიქით, ჩვენს ცხოვრება, სამშობლო, ადამიანობა, მარადიული ცნებები მისი მთავარი საფიქრალი გახდა. და ისიც წერდა და წერდა…
2020 წელს გამოვიდა წიგნი: „ადამიანი“ – ფილოსოფიურ-შემეცნებითი ესე. პარალელურად იურდიულ თემებზე მუშაობს. სამომავლოდ ლიტერატურული სალონის დაარსებას აპირებს. – მწერლისა და იურისტის, ირმა კიკოლიაშვილის პერსონა.

– ბოლნისში დაიბადეთ. ბავშვობიდან ბევრი კარგი მოგონება მოგყვებათ…
– დიახ, ბოლნისის რაიონში დავიბადე. ბავშვობა  მეტად ხალისიანი და სიყვარულით სავსე მქონდა.
ბავშვობის წლებს სამტრედიის რაიონის სოფელ ზედა გომში ვატარებდი. იქ არის ჩემი დედულეთის მხარე. მიყვარდა განსაკუთრებით წყაროზე ასვლა კოკებით ხელში. ხაბოზე, სადაც კლდის სიმაღლე დაპყრობილი ჰქონდა  ჩანჩქერს. მეხსიერებაში  ისე მედიდურად ისწრაფვის, უწყვეტი ხმით ფორიაქობს და არ სრულდება. იქ წლოვანი ხეებიც იყო. დიდი ინტერესით ვუყურებდი მათ სიმრავლეს, სიმაღლეს, ამობრუცულ ფესვებს, რომლებიც გაწოლილი იყო მისივე სიღრმეში მძლავრად. მე კი ვერ ვხვდებოდი მის მძლავრ ფესვთა საიდუმლოს. მინდა ისევ ბავშვობა, რომ ფეხშიშველმა დავიარო ყველა კუთხე-კუნჭული.
დედის გადმოცემით ვიცი, რომ სწორედ ამ ადგილას მოიპოვება საპნის მიწა. მთელი სოფელი იყენებდა საჭიროებისამებრ. აგრეთვე – წითელი მიწა, რითაც კეციებს და სხვა სამომხმარებლო ჭურჭელს ამზადებდნენ. გაწაფული იყო დიდი ბებია –  ლუბა ჯინჭარაძე.
გავიხსენებდი აგრეთვე სოფელ ნოღას, ბაგეებს, სადაც შევხვდი დიდი სულის ადამიანს, ალექსანდრე შანიძეს, მე მაშინ 14 წლის ვიყავი.   დიდი სითბოთი მიმიღო. ეს შეხვედრა წარუშლელია ჩემს მეხსიერებაში.  პირველი კითხვა იყო, თუ ვწერდი ლექსებს, მაგრამ იმდენად შემრცხვა, ძლივს ამოვღერღე, რომ დიახ, მეც ვწერ-მეთქი, მაგრამ ვერ გავახმოვანე მასთან. საჩუქარიც გადმომცა, უკვე მზა ფურცელი,  სადაც  მისი უკვდავი ლექსი ეწერა – „ჩემო ტკბილო მეგობარო, შენი ნახვა მენატრება“. ერთ გვერდს მოიცავდა მისი ლექსი და ასამღერებლად ხმოვანი ნოტები, რომლის  ყურებაც მსიამოვნებდა. თავად დაწერა – „სახსოვრად ჩემს პატარა მეგობარს – ირმა კიკოლიაშვილს“.
დედა – ზოია ზაქრაძე, მშვიდი და კეთილსინდისიერი ადამიანია. ძალიან მათბობს  სულიერად. მამა – მურთაზი, პროფესიით დურგალი იყო, საკმაოდ ძლიერი და კოლორიტი ადამიანი რაიონში. სიტყვაც ეთქმოდა და საქმეც.  ყველაფერი ფანტასტიკურად გამოსდიოდა. ბრწყინვალე გონების, დაუღალავი მკლავის მქონე ადამიანი იყო. დღეს კი ძალიან მაკლია, ძალიან!
სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მისი ენერგია მიპყრობს. ყველგან მისი დიდი ძალა იგრძნობა. დღესაც ასე ვარ. ვგრძნობ და არის ჩემში.
– როდის დაიწყეთ წერა. პირველი მოთხრობები…
– წერა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ადრე ვერ ვაცნობიერებდი წერის სიღრმეს. ბავშვობიდან ვწერდი. უბრალოდ მინდოდა, რომ მეწერა, მაგრამ გაიფანტა მოთხრობები, აფორიზმები, დღიური და ვეღარ ვპოულობ. ყველა წვრილმანი თუ მნიშვნელობის მქონე იყო, ვწერდი  და ვზრდიდი.
– ბოლნისის მესამე ქართული სკოლა დაამთავრეთ. თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეთ. ანუ იურისტობა რატომ გადაწყვიტეთ?
– რატომ იურისტობა? ეს ხასიათია ჩემი.  სჭარბობს ჩემში სამართლებრივი აზროვნება და ამიტომ. პროფესია კი განამტკიცებს ჩემს მოქმედებას.
– პირველი ნაწერები…
– როგორც აღვნიშნე, ბავშობიდან  12,13 წლიდან ვწერდი. ერთი ლექსი შემომრჩა მეხსიერებაში.
„ავივლი გორაზე, შევხედავ იებს,
თვალმტარც სურათებს.
აქეთ და იქეთ
თვალუწვდენელ ატყორცნილ ხეებს.
…იქვე მომივა კურდღელი შიშით, მოვეფერები….
…და ამ თბილ წამებს,
გვიყვან მხოლოდ ღრმა სიყვარულში“…
ეს არის ბავშვის აზრი. მაშინ ასე შევხედე ჩემს ფიქრებს!
ერთი აფორიზმი მახსოვს ჩემი: „წარსული წარსულში არასდროს კვდება“.
– ყველა ნაწერში არის სიღრმე და აზროვნება… ეს არის ფიქრი ჩვენს ცხოვრებაზე, სამშობლოზე, ადამიანობაზე, მარადიულ ცნებებზე… თავად რას დაამატებდით?
– ვერ დავამატებ, ეს არის  ჩვენი აღმოსაცენი სული… სული სიცოცხლის. ცხოვრების, ქვეყნის, ერის  საფუძვლები. ჩემს რამდენიმე შეგონებას გაგაცნობთ:
***
გონიერების სამხილი მდუმარებაშია და მდუმარება  აღსარებაში.
***
წარსული წარსულს იტევს და აწმყოს აგონებს. აწმყო, აწმყოს ეუბნება მომავლის ხვედრს.
***
წარსული იმდენად დიდ ანაბაჭდს ტოვებს საკუთვნებელ სულში, სამყაროსა და კაცობრიობაში რომ ვერად შეავსებს აწმყო დროის მლიქვნელი უხამსობა მის სიდიადეს!
…..და ვერც მომავლის უკიდეგანობა დაშანთავს მას!
მისი ღვაწლთა საიდუმლო სწორედ რომ ჟამთახვედრს აუწყა განვლილ ბუნებამ, მაგრამ თავად უწყებამ იცოდა მისი გასავლელი იდუმალებანი.
დღეს კი აღარ არის საიდუმლოთა ხვედრის უწონადობა. ცნობილია მნგრეველად და არც შეცნობილნნი უარყოფს მის ავთაბუნებას.
– სამშობლოს სიყვარული?
– სამშობლო, ისეთი ტკივილი ვიგრძენი. შიგნიდან უნდა გწვავდეს თითოეულ ერის შვილს მისი სიყვარული. დაკარგვა. ღალატი.
უნდა იჩოქებოდე… უნდა სწყალობდე….
უნდა კვდებოდე…
უნდა სძრავდე მიწას, როს ჰხედვიდე მის უმწეობას.
სამშობლო, როგორც უფალი… როგორც დედამშობელი… როგორც უმანკო სახვედრი დიდსულოვნება.
მაგრამ არ არსებობს მასზე ამაღლებული აზრი, სიტყვა, სული… სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს… ის ყველას და ყველას მოიცავს სამკვიდროში, მაგრამ მისი სამკვიდრო არ არის ყველა!
2020 წელს გამოვიდა თქვენი წიგნი: „ადამიანი“ – ფილოსოფიურ-შემეცნებითი ესე. როგორ იწერებოდა ეს წიგნი? რატომ ჰქვია ადამიანი?
– ეს თემები საკმაო წლებია, რაც იწერება. პირველად მინდოდა ტელეპროექტი – „ადამიანი“  გამეკეთებინა და ამისათვის ვამუშავებდი თემებს. საზოგადოებისათვის რჩევა მოწოდება შთაგონება დადებითი განწყობაა. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ამიტომ აიკინძა ერთად და სახელწოდებაც არ არის რთული მისახვედრი. ვინაიდან  ყოველი ფრაზა ადამიანს ეკუთვნის და მისადმი არის ძირეული არსით. ეწოდა ადამიანი.
ლიტერატურული სალონის დაარსება გქონდა გეგმაში, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგიშალათ. ნამდვილად კარგი იქნება ლიტერატურული კერა ბოლნისში.
– კი, მინდოდა, მაგრამ  გამოწვევები არ მთავრდება.  ნამდვილად იქნებ გავამართლო კიდეც. დრო არ იკარგება, დრო ფიქრობს ჩვენზე.
– პანდემია და შემოქმედება. დადებითად იმოქმედა კარანტინმა თუ პირიქით? რა შექმენით ამ პერიოდში?
– პანდემია. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. როცა საკითხი მიდის კაცობრიობის წილ, გაფიქრებაც მკლავს, თუ რა შეიძლება მოხდეს. დრო მცირე მაქვს. და ვუთმობ წერას.
ამჟამად იურდიულ თემებზე ვმუშაობ. დრო დამჭირდება, რომ სრულყოფილი სახე მივცე.
ღამის დრო ნაყოფიერია ჩემთვის. თუნდაც ორი საათი დაუთმო თავს. მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი გავაკეთო.
ჰობი…
 – ჩემი ჰობი – წერაა აზრებში, განცდებში. შეგრძნებები არ მტოვებენ.
– სამომავლო გეგმები…
– მინდა ეს წიგნი ვთარგმნო და გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა არ ვიცი, როგორ შემეწყობა ხელი. გეგმა ნამდვილად არის, მაგრამ დრო და საშუალება უპირატესია ამ გეგმის განხორციელებაში.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები