თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით რუსთავის თეატრსა და კულტურის სახლს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით რუსთავში იმყოფებოდა. მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრსა და რუსთავის კულტურის სახლში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეა წულუკიანმა თეატრს სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.

“რუსთავში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია მენაღარიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილმა,

თეატრში ვიზიტისას მინისტრი თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს შეხვდა. თეა წულუკიანმა სამინისტროსა და მუნიციპალური თეატრების თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრა და თეატრს სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა შესთავაზა თეატრის დასს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართოს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც თეატრის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

თეა წულუკიანი ასევე რუსთავის კულტურის სახლს ესტუმრა და მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურის სახლების სათანადოდ ფუნქციონირების მნიშვნელობასა და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და სამომავლოდ რუსთავის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები