მამუკა მდინარაძე: ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ქვეყნის ევროპული მომავალი
“ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ქვეყნის ევროპული მომავალი, მომავალი თაობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სადაც სიმართლეა, გამარჯვებაც იქაა.
„ვერასდროს გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში სიცრუე, ძალადობა, წარსული, სიბნელე, ადამიანების მოტყუება, ადამიანებზე ძალადობა, როგორც ფიზიკური, რომელსაც აკეთებდნენ თავის დროზე, ასევე, ფსიქოლოგიური, მორალური ტერორი, წარმოუდგენელია. უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შეკრებაში – ამაზე ალბათ თქვენც გაამახვილებდით ყურადღებას, როგორი ტენდენციურიც უნდა იყოთ. არ დარჩენილა ამ ქვეყანაში ოჯახი, სანათესაო, საიდანაც ერთი წარმომადგენელი მაინც არ იყო.
ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა ის, რომ ამ ღირებულებების ერთობა მისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი თაობა და ყველაზე მნიშვნელოვანია განვითარებაზე ზრუნვა და სიმართლე, რაც ყველაზე მთავარია. სიმართლე სადაც არის, იქ არის გამარჯვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.