შერიგების პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგების პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით გაიმართა დ მასში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და კომისიის წევრი ეკა სეფაშვილი.

სხდომის მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის პირველი, შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპი განიხილეს. დაამტკიცეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადა. ამასთან, მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

სამთავრობო კომისიის წევრები შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის შემდგომ ეტაპებზე შეთანხმდნენ.

„დღეს გაიმართა უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა, რომელზეც შერიგების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულმა ყველა სახელმწიფო უწყებამ ერთობლივად ვიმსჯელეთ, სიღრმისეულად განვიხილეთ შერიგების პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური განზომილება. განსაკუთრებით იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისკენ, მათ შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის განვითარებისკენ. ამავდროულად, სხდომაზე დავამტკიცეთ 2010 წლის ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ასევე ერთობლივად სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით და ვიმსჯელეთ სტრატეგიული გადახედვის მომდევნო ეტაპებზე, კონკრეტულ გზებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევიმუშავებთ ახლებურ ინიციატივებსა და მიდგომებს, რათა ეს პოლიტიკა გახდეს საჭიროებებზე მორგებული და მეტად უფრო ეფექტიანი; მოხდეს შერიგება, ნდობის აღდგენა და ომით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა; კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები