ქართული ფილმები – კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ქართულ ფილმებს რამდენიმე დღეში კოტბუსის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალი უმასპინძლებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა, წელს, 2-7 ნოემბერს გაიმართება.
მთავარ კონკურსში წარმოდგენილია ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი – „მეოთხე ბრაიტონი“. ფილმი საქართველოს სახელით 2022 წლის „ოსკარის“ ნომინაციისთვის იბრძოლებს.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა. „მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”.
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმართება ლუკა ბერაძის ფილმის ევროპული პრემიერა სახელწოდებით – „ბოდიში დაგვიანებისთვის”. ფილმი ფართო აუდიტორიამ პირველად ბაკურიანის კინოფორუმის ფარგლებში იხილა, სადაც დადებითი შეფასება დაიმსახურა.
კოტბუსის კინოფესტივალს, რომელიც აღმოსავლეთევროპულ კინოზე ფოკუსირდება 30-წლიანი ისტორია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები