ლაშა დამენია: “ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს ძალის დემონსტრირებას – 30 ოქტომბერს დამარცხდებიან
“ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს ძალის დემონსტრირებას”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე გაიმართება.
მისივე თქმით, 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან დამარცხდება.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს, ფაქტობრივად, თავის თავს უწყობს კონტრაქციას, რომელიც ჩვეულებრივი დავალებაა სსიპ-ების და აიპ-ებისთვის, გამგეობებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, სკოლებისთვის და იმიტაციის შექმნაა იმისა, რომ თითქოს ხალხში აქვთ მხარდაჭერა. ეს თავისთავად საშიში მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს და ატარებს კონტრაქციას კონკრეტულად ოპოზიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის დამადასტურებელი იქნება 30 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლება პირწმინდად დამარცხდება ოპოზიციასთან“, – განაცხადა დამენიამ.