თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, ამ ქალაქში მცხოვრები, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი, განახლებული, მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი ვაჩუქოთ თბილისელებს“, – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 30 შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, საიდანაც 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
“კულტურული მემკვიდრეობა არის ის ძვირფასი საგანძური, რომელიც ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ქალაქის, თბილისელების მიმართ, ასეთი მინდა ძველი თბილისი, ასეთი მინდა ამ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა”, – განაცხადა კალაძემ.