მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმები ჩაერთვებიან
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ექიმები უკრაინიდან და ჰოლანდიიდან ჩამოდიან, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა, სისუსტე ყოველდღიურად მატულობს.
“ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არის, თუმცა, სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიიდან ექიმი, ასევე, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, ეს არის უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმი არის და მას ქართული მხარეც ბევრი იცნობს. შესაბამისად, მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის. მიხეილ სააკაშვილი ეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, სადაც მოხდება მისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა, შიმშილობს.