თეა წულუკიანი: სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება, თითოეულ მათგანს სჭირდება სააკაშვილის პატიმრობა

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება. ვიცეპრემიერის თქმით, ოპოზიციას პატიმარი სააკაშვილი სჭირდება, რადგან მისი პატიმრობით მანიპულირებენ.

„ოპოზიციურ სპექტრში ვის სჭირდება სააკაშვილი?! ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელზეც მე თვითონ ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს სჭირდება სააკაშვილი, გვერდში ედგეს და ამიტომ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება. ყველას და თითოეულ მათგანს სჭირდება სააკაშვილის პატიმრობა, ეს არის ის ინსტრუმენტი, რის გარეშეც ისინი აღარაფერს წარმოადგენენ და სააკაშვილის პატიმრობით ცხოვრობენ, ცოცხლობენ და იკვებებიან. თქვენ წარმოგიდგენიათ, ადვოკატი ნიკა გვარამია რას უნდა გადმოსცემდეს 24-საათის რეჟიმში თავისი ტელეეთერიდან, თუ სააკაშვილი პატიმარი არ იქნება?! ამით მთელი პოლიტიკური სპექტრი იკვებება, ამიტომ, მათ მიშა კი არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ პატიმარი მიშა. ჩვენს სახელმწიფოს, გვჭირდება სააკაშვილი, რომელიც არის ჯანმრთელი იმიტომ, რომ ყველა პატიმარი ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი. შესაბამისად, აქეთ მხარეს არის სახელმწიფოებრივი ზრუნვა პატიმარ სააკაშვილზე, რომელმაც უნდა მოიხადოს ის წლები, რაც მიესაჯა და მეორე მხარეს არის მისი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მანიპულირება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუკი 6 წლის განმავლობაში დადგება მომენტი, რომ მიხეილ სააკაშვილს მართლაც დასჭირდება სამოქალაქო კლინიკა, ამის პრობლემა არ იქნება.

„გახსოვთ, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, „მედიქლაბში“ გვყავდა გადაყვანილი, ასე იქნება სააკაშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ ამ ეტაპზე ითვლება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება არის მისთვის შესაფერისი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები