ნიკა მელია: კატეგორიულად მოვითხოვთ დავით კირკიტაძის შტაბზე ყველა თავდამსხმელი და მოძალადე უახლოეს საათებში კანონის სრული ძალით დაისაჯოს
“კატეგორიულად მოვითხოვთ უახლოეს საათებში დავით კირკიტაძის შტაბზე ყველა თავდამსხმელი და მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული ძალით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
“დავით კირკიტაძეს შტაბს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრებს, რუსთავის საკრებულოს მოქმედ დეპუტატებს. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ ხალხმა 1 კვირის წინ იძალადა რუსთავში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, არანაირი რეაგირება არ მომხდარა მაშინ და შედეგად, ეს გაკადნიერებული ხალხი ბედავს, რომ ოფისზე ახორციელებენ თავდასხმას. მოვუწოდებ ოპოზიციურ ამომრჩეველს სიმშვიდისკენ, არ უნდა ავყვეთ „ქართულ ოცნებას“ დაპირისპირებაში და გესლის ნთხევაში. ისინი არიან სუსტები, როგორც არასდროს და იციან, რომ 30 ოქტომბერს მარცხდებიან, ამიტომ დაკარგეს სახე. კატეგორიულად მოვითხოვთ უახლოეს საათებში ყველა მოძალადე და თავდამსხმელი დავით კირკიტაძის შტაბზე დაისაჯოს კანონის სრული ძალით. ამავე დროს, მინდა საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიებს მივმართო, რომ რუსთავში გამოცხადდნენ და მთელმა მსოფლიომ გაიგოს რა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბთან დაპირისპირება მოხდა. კირკიტაძის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
ამასთან, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.