ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საქართველოში მიგრაციისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობას.

მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულ, ალექსანდრე დარახველიძემ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები