სააკაშვილის საქმეზე დაკავებული გიორგი ნარიმანიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გუშინ დაკავებული კიდევ ერთი პირის, გიორგი ნარიმანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს, დიდი ალბათობით, დღეს მიმართავს.
პროკურორის თქმით, პროცესზე ის გიორგი ნარიმანიძის ადვოკატის აცილებასაც მოითხოვს, რადგან იგივე ადვოკატი მამა-შვილ წოწორიებსაც იცავს. ვეფხვაძის განმარტებით, კანონს ეწინაამღდეგება და ინტერესთა დარღვევაა, როდესაც ადვოკატი კონსულტაციას უწევდა ან უწევს პირს, რომლის ინტერესები ეწინაამღდეგება მის შემდგომ დასაცავ პირს.
„დღეს, დიდი ალბათობით, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს და გაიმართება აღკვეთი ღონისძიების სხდომა. რაც შეეხება აცილებას, ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივად დასაბუთებული, ვინაიდან წოწორიას ჩვენება ნარიმანიძის ჩვენებას ეწინაამღდეგება და ჩვენ ამას დეტალურად დავასაბუთებთ“, – განაცხადა პროოკურორმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მანამდე, პოლიციამ საქმეზე ამავე ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.