საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო,ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი წვლილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან მოკავშირეებისთვის ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფაში. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ლელა ჩიქოვანი, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – როზალია პუგლისი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ხავიერ კოლომინამ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე თავისი წინამორბედი, ჯეიმს აპატურაი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები