კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლებაზე წერილს ვინც აწერს ხელს, ხდება გარკვეულწილად იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მას მიუძღვის ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების წერილს აფასებს, რომლის მიხედვითაც ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
„70 ევროპარლამენტარი აწერს ამას ხელს?! ეს არის ტყუილი. დღევანდელი დილის მდგომარეობით, ერთი ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, თუმცა, ეს არის პრობლემა, როდესაც თუნდაც ერთი ევროპარლამენტარი აწერს ხელს ასეთ წერილს, ეს არის თავისთავად პრობლემა. რაც შეეხება 70-ს, იქ შედის ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და ა.შ. ისინი თუ არიან ევროპარლამენტარები არ ვიცი, მე მგონი ჯერ არ გამხდარან. ერთია ევროპარლამენტარი, რომელიც ამას აწერს ხელს და ერთი 70-ზე ბევრად ნაკლებია.
ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ხდება იმ დანაშაულის გარკვეულწილად თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის წინაშე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა კობახიძემ.