ბოჟაძე – მელიას დაპირებებზე: არცერთი საკითხი, რომელიც ბანერებზე გამოაკრეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებში არ შედის

“არცერთი საკითხი, რომელიც ბანერებზე გამოაკრეს, არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებში”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ნიკა მელიას ბანერებზე საუბრისას განაცხადა, სადაც ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის კვება უფასო გახდება.

„ჩვენ თუ გადავხედავთ, იგივე პენსიონერებთან დანამატის საკითხს ეს არის დაახლოებით 432 მილიონ ლარზე მეტი დღევანდელი პენსიონერების რაოდენობით. წარმოიდგინეთ, რა დააშავეს არათბილისელმა პენსიონერებმა და წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ყველა პენსიონერი თბილისელი რომ გახდეს, შეძლებს თუ არა ამას თბილისი. რაც ყველაზე მთავარია, ამ ხარჯების გაწევის დროს ჩვენ უნდა გავაჩეროთ მთელი თბილისი. რაც შეეხება იგივე კვების საკითხებს, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება და თვითმმართველობასთან საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს.

რაც შეეხება სტუდენტებს, 5 ათასზე მეტ სტუდენტს თბილისის მერიამ უკვე დაუფინანსა სწავლა-განათლება და ეს პროექტები მომავალი 4 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. ამიტომ ამომრჩეველმა ძალიან მარტივად უნდა გადაწყვიტოს – ნიკანორ მელია ამ შემთხვევაში ვერ ერკვევა თვითმმართველობის საკითხებში და არის უცოდინარი, თუ უბრალოდ არის ცრუპენტელა და მატყუარა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ქალაქის ქუჩებში ნიკა მელიას ბანერები გამოჩნდა დაპირებებით, რაც ხშირ შემთხვევაში მერის უფლებამოსილებაში არ შედის – მაგალითად ნიკა მელია ამომრჩეველს საჯარო სკოლებში უფასო კვებას, ასევე, ყოველწლიურად 100 სტუდენტის საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები