მაკა ბოჭორიშვილი: ლისაბონსა და ბრიუსელში ვიზიტების მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ლობირება
„გასულ კვირას კოლეგებთან ერთად ვიმყოფებოდით ლისაბონსა და შემდეგ ბრიუსელში. ორივე ვიზიტის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ლობირება და ევროპელ კოლეგებთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობა“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მათი კოლეგების მხრიდან მოისმინეს საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ღია დისკუსიები საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და განხილული იყო შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.
„მომავალ წელს საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი უნდა აღინიშნოს და შევთანხმდით, რომ ეს საიუბილეო თარიღი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ამ მიზნით, მომავალ წელს პორტუგალიის პარლამენტის დელეგაცია მოვიწვიეთ საქართველოში“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ
მისივე თქმით, ნატო-ში შეხვედრა გაიმართა გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც დღეს უკვე საქართველოს სტუმრობს და შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ვიზიტის დროს განვიხილეთ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის ვიზიტის საკითხი, რომელიც ნოემბერის დასაწყისში ეწვევა საქართველოს. ასევე, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან ვიმსჯელეთ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში ეწვევა“, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მას, როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, საუბარი ჰქონდა კოლეგა ევროპარლამენტარებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით, რაც მიმართული იქნება საქართველოს ინტერესების სამიტის შედეგებში მაქსიმალურად ასახვისკენ.
„აქვე მოგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოლოდინია, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ გარემოში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის. ჩვენს პარტნიორებთან განვიხილეთ არჩევნების შემდგომი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნების მიღწევისაკენ“, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.