ხმაური პარლამენტში – პლენარულ სხდომაზე ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური იყო პარლამენტის პლენალურ სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, ქონების უკანონოდ დათმობის საქმეებზე ისაუბრა.
მან სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და დეპუტატ სალომე სამადაშვილს მიმართა, თავის თავში ეპოვათ ძალა და სესიაზევე დაედასტურებინათ მსგავსი ფაქტები.
უმრავლესობის წევრის განცხადებას მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება მოჰყვა. ხაზარაძე ალუდა ღუდუშაურისკენ გაემართა და მას „უტიფარი“ უწოდა.
საპასუხოდ, ღუდუშაურმა უთხრა, რომ „სიმართლე მწარეა“ და მისი გაღიზიანება სწორედ ამას მოჰყვა.
სიტყვიერ დაპირისპირებაში დეპუტატები – ბადრი ჯაფარიძე და მიხეილ ყაველაშვილიც ჩაერთნენ, თუმცა, ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.