ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე
„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსია განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველო დღეს 2 მთავარი გამოწვევის წინაშე დგას- კოვიდ-ინფექცია, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება და ის უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი.
„ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებას – 6.9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია ჯობია დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ ასიგნებების ნაწილში რა შედეგს მოგვიტანს ეს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით წარმოდგენილი მაკროეკონომიკური პროგნოზები და ეკონომიკური პარამეტრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააცნო, კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და დეტალური განმარტებები გაკეთა.
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ” დასკვნები კომიტეტს გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომით საბიუჯეტო პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა.
2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მთავრობას გამოთქმული შენიშვნებით და რეკომენდაციებით პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება. მთავრობა, 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას დასკვნაში ასახული შენიშვნების გათვალისწინებით, პროცედურის თანახმად, პარლამენტს 5 ნოემბრამდე დაუბრუნებს.
„5 ნოემბრამდე მთავრობა პარლამენტში წარმოადგენს გადამუშავებულ ვერსიას. ვიმსჯელებთ მასზე და საბოლოო ვერსია ჩვენ გვექნება დეკემბერში. ძალიან შრომატევადი პროცესი გველის წინ”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.