სალომე ზურაბიშვილი: ვეტერანებო, თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების საყრდენი იმიტომ, რომ თქვენ გაიგივებული ხართ არა მხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთან
“ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება, ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილმა ვეტერანების ღვაწლზე ისაუბრა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ რეალურად ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი იმიტომ, რომ თქვენ გაიგივებული ხართ არა მხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთან. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება, ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას და არა მხოლოდ. რეალურად, დღევანდელ დღეს ჩვენი რეზერვი ხართ თქვენ. თქვენი დღევანდელი პროფესიონალიზმი არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, რაც ქვეყნის თანამედროვე ჯარს და საზოგადებას სჭირდება. საზოგადოების შემართება, საზოგადების გამოსვლა ერთგვარი დეპრესიიდან სწორედ თქვენს შემართებაზეა დამოკიდებული და ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც იციან, რისთვის იბრძოლეს წარსულში და რისთვის შეიძლება იყოს საჭირო მომავალში ბრძოლა. პატრიოტიზმი არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, მითუმეტეს პატარა ქვეყანა მის გარეშე ვერ ვიდგებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.