ნიკოლოზ სამხარაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ ტალინის მე-7 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ტალინის მე-7 კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ: „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რას აკეთებ დღეს”.

პარლამენტის იფორმაციით, მოხსენებისას ქართველმა კანონმდებელმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმირებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმის ოთხივე ტალღა. პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა პროკურატურის ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად გამოყოფას. ნიკოლოზ სამხარაძემ პენიტენციური სისტემაში გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებიც აღნიშნა, რაც, მისი განცხადებით, ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ რეფორმად არის აღიარებული, მათ შორის, ევროკავშირის მიერ. სიტყვით გამოსვლისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში ანტიკორუფციული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და, როგორც აღნიშნა, ამ კუთხით რეფორმა ქვეყანაში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ – მთელს მსოფლიოში.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

„ეს რეფორმები მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს იმ დღის წესრიგისა, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან. მნიშვნელოვანწილად სწორედ, გატარებული რეფორმები განაპირობებს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. მისივე განცხადებით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შემდგომ საქართველო, მსოფლიო ბანკის 2021 წლის კანონის უზენაესობის რეიტინგებში, ძალიან დიდი უპირატესობით უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და, ასევე, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებსაც კი, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროგრესის მაჩვენებელია კანონის უზენაესობის სისტემის რეფორმირებაში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირებაზე, რომელიც მისი თქმით, პარლამენტში უკვე მომავალი წლიდან დაიწყება და კანონის უზენაესობის მიმართულებით, იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც საქართველო განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები