მიხეილ სარჯველაძე: არავითარი ე.წ. საზღვარი არ არსებობს, რუსეთი ამას ქართველს ვერასდროს შეაგუებს

“არავითარი ე.წ. საზღვარი არ არსებობს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

მისივე თქმით, ქვეყანაში საოკუპაციო ხაზის არსებობა შეუგუებელია.

„არავითარი ე.წ. საზღვარი არ არსებობს და ამ ტერმინს ნუ იყენებთ, რადგან ეს არის საოკუპაციო ხაზი. ალბათ, რუსეთის მცდელობაა, რაღაც ფორმით ვინმე ამას შეაგუოს, რადგან ქართველს ვერასოდეს შეაგუებს, რუსეთი თავს ვერ არიდებს დისკუსიაში, დიალოგში მონაწილეობას. სამწუხაროდ, მათ მზადყოფნა არ აქვთ, რომ პრობლემა გადაიჭრას, ამას ადასტურებს უკანონო პატიმრობები. ეს პატიმრობა ისეთივე შეუგუებელია, როგორც – ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო ხაზის არსებობა. ეს არის მთლიანი ოკუპაციის გამოხატულება. ეროვნული ინტერესია, რომ მათ არცერთ შემთხვევაში, არც დე-იურე, არც დე ფაქტო, არც ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება, გავყვეთ. ამ ფორმატებს მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ცალკეული ჰუმანიტარული პრობლემები იყოს გადაჭრილი, მაგრამ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა არ ნიშნავს, რომ რამენაირად ქვეყნის ოკუპაციის გამყარება მოხდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები