ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ის კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება.

მისივე თქმით, უკვე ცნობლია ექსპერტიზის დასკვნა.

„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ამ შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჩემთვის უკვე ცნობილია. შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ, პრაქტიკულად, დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია.

მისივე თქმით, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მომიჯნავე კორპუსიც მდგრადია, თუმცა, მას დამატებით ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

დანგრეული კორპუსიდან 55 ოჯახია გაყვანილი. Მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინების, ასევე, ფულადი კომპენსაციის გადაცემა. კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები