ურბანისტი პაპუნა ძიძიგური: სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ისე არა, რომ „ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ“

„სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ისე არა, რომ „ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ“, – ამის შესახებ ურბანისტმა, ქალაქმგეგმარებელმა, პაპუნა ძიძიგურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ძიძიგურმა საფრთხისშემცველი მშენებლობების პრობლემასა და სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ვფიქრობ, პრობლემა სიღრმისეულია და არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ფაქტს, რაც ბათუმში მოხდა. ვფიქრობ, ამის თავი და თავი, მიზეზი არის არაპროფესიონალიზმი, რომელიც მიღებულია და დღეს ჩვენს სახელმწიფოში ნორმალურია. ფაქტობრივად, ყველას შეუძლია, იმუშაოს, რაღაც ცენზი თუ ლიცენზია არ არსებობს, რაც იწვევს ნიჰილიზმს და საქმისადმი ისეთ დამოკიდებულებას, თითქოს, ყველაფერი შესაძლებელია. შედეგიც სახეზეა.

საქმის გამოსწორება შესაძლებელია იმით, რომ ყველა სფეროში ნელ-ნელა პროფესიულ რელსებზე გადავიდეთ, პროფესიონალიზმს დაფასება უნდა ჰქონდეს.

სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ისე არა, რომ „ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ“. საჭიროა პროფესიონალურად გამკაცრება და არა – კანონის გამოცემა, რომ ყველაფერი აიკრძალოს, საკითხის აწონ-დაწონვაა საჭირო და ისეთი კანონების მიღება, რომელიც „არც შამფურს დაწვავს და არც მწვადს“, – განაცხადა პაპუნა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები