„ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოსდაბოლოს, არსებობდეს დოკუმენტი, რომელსაც საბინაო პოლიტიკა ეწოდება“ – მამუკა სალუქვაძე

“ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოსდაბოლოს, არსებობდეს დოკუმენტი, რომელსაც საბინაო პოლიტიკა ეწოდება, ანუ საცხოვრისთან დაკავშირებული გარკვეული სტრატეგია”, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალუქვაძემ საფრთხისშემცველი მშენებლობებისა და ავარიული სახლების პრობლემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კიდევ ერთხელ მინდა, გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთლიანად საქართველოს ის უბედურება მივუსამძიმრო, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავს ყველას ერთად დაგვატყდა. ამ დღეებმა განაპირობა ის, რომ ბევრი კამათი, დიალოგი, დისკუსია, მოსაზრებები ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, იმ პრობლემას მიეხედოს, რომელიც დღეს და გუშინ არ წარმოშობილა, ათწლეულებია, არსებობს. ჩვენს სინამდვილეში ამ პრობლემის რაღაც დონემდე მიყვანა ვერაფრით მოხდა, ისევ ღიაა საკითხი, ისევ ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ რაღაც რეგულაციები გამკაცრდება, ისევ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა დოკუმენტები, კანონმდებლობა უნდა იყოს მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი უბედურება არ მოხდეს. კიდევ ერთხელ მოკლედ ჩამოვაყალიბებ იმას, რაზეც არერთ ტელევიზიაში მქონდა საუბარი.

პირველი, ალბათ , ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოსდაბოლოს, არსებობდეს დოკუმენტი, რომელსაც საბინაო პოლიტიკა ეწოდება, ანუ გარკვეული სტრატეგია საცხოვრისთან დაკავშირებით, რომელიც აღწერს მდგომარეობას და ძალიან კარგად გასცემს რეკომენდაციებს, იმ მიდგომებს დააფიქსირებს, რაც სახელმწიფოს საბინაო ფონდთან დაკავშირებით უნდა გააჩნდეს. ბუნებრივია, ეს ბევრ თემად შეიძლება, ჩაიშალოს, მაგრამ ძირითადი არის საბინაო ფონდთან ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ავარიული სახლების პრობლემა, საფრთხისშემცველი შენობების და საცხოვრისის პრობლემა, ასევე, უსახლკაროთა პრობლემაც, რომელიც ასევე გადაჭრილი უნდა იქნას.
ამას ებმის ის კანონმდებლობა, რომელიც სრულყოფლიყო არაა და რომლის დახვეწის ფარგლებშიც სამშენებლო რეგლამენტაციის გამკაცრების შესახებ მოსაზრება გამოითქვა. აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ეს ნამდვილად უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

„ბევრი რამ, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ და რასაც დღეს ვიმკით, 2000-იანი წლების ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის შედეგია, რომელმაც, მათ შორის, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის დასუსტებაც გამოიწვია, კერძო მესაკუთრეებს საშუალება მისცა, რომ მუნიციპალური სტრუქტურები, ინსპექციის ინსტიტუციები გარკვეულ სამუშაობთან დაკავშირებით საქმის კურსში საერთოდ აღარ ჩაეყენებინათ. აქედან გამომდინარე, ერთერთი ცუდი მაგალითი ვნახეთ.

ჩვენ თბილისის გენგეგმაზეც ვმუშაობდით, ახლა ბათუმის გენგემასთან დაკვშირებით ვმუშაობთ. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია სრულიად აუცილებელია იმისათვის, რომ ქალაქებმა, მუნიციპალიტეტებმა იცოდნენ, რა საბინაო ფონდი გააჩნიათ, რა მდგომარეობაშია ეს საბინაო ფონდი, რამდენად მწვავეა ავარიული შენობების ან საფრთხისშემცველი შენობების მდგომარეობა. ამის აღრიცხვა აუცილებელია.

კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი ძალიან სუსტია. ეს, რა თქმა უნდა, გასამკაცრებელია.

დაგისახელეთ ბევრი დოკუმენტი, თუ საკანონმდებლო აქტი, რომელიც საჭიროა, მივიღოთ იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. თავიდან ავიცილოთ ის, რასაც შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ვხედავთ: მიშენებები, დაშენებები, ეს ხომ პირველად გუშინ არ გვინახავს? ეს 90-იანი წლებიდან მოგვყვება, რა ხარისხითაა გაკეთებული და როგორია, ამაზე, თითქოს, ჩვენი აზრი გვაქვს შექმნილი, ვიცით, რომ ეს ძალიან საშიშია. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ, გარდა იერსახის დამახინჯებისა, ეს ყველაფერი სწორედ უსაფრთხოების პრობლემას უკავშირდება. თუ გვინდა, კატასტროფიდან კატასტროფამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ ვიცხოვროთ, აუცილებელია, სახელმწიფომაც მიხედოს იმ საკითხებს, რაც მოგახსენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად საზოგადოებაც გაიზარდოს. არ შეიძლება, ზედაპირულად და გულგრილად ვუყურებდეთ ყველაფერს, როდესაც არ ხოლოდ ჩვენს სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, არმედ – ძალიან ბევრი ადამიანის“, – განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები