“რესპუბლიკური პარტია” სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს, თუმცა, აქციას არ შეუერთდება
“რესპუბლიკური პარტია” “ნაციონალური მოძრაობის” 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება, თუმცა, მის მიმართ სოლიდარულია.
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ბრალდებებია, რაც უკავშირდება მის მმართველობას, ახლა ის პოლიტიკური პატიმარია “ქართული ოცნების” და ეს არის რევანში “ქართული ოცნებისგან”. რაც შეეხება 14 ოქტომბრის აქციებს, ამ აქციებს რესპუბლიკური პარტია არ უერთდება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება, არ უერთდება “ლელო”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მე–12 დღეა, შიმშილობს.