საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსში” შესატანი ცვლილებები განიხილა
„საქართველოს ტყის კოდექსში” შესატან და მისგან გამომდინარე ათ საკანონმდებლო აქტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააცნო კოლეგებს.
პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, „ტყის კოდექსი” ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1 იანვარს, თუმცა მისი მიღებიდან ამოქმედებამდე გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომელიც დაზუსტებას და სხვა კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას საჭიროებენ.
„ტყის კოდექსი” მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა და ეს პირველი „ტყის კოდექსია”, რომელიც შეესაბამება როგორც ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე ზოგადად, ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს, რაც დადგენილია როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში”,-განაცხადა მაია ბითაძემ. ცვლილებები ძირითადად ორი მიმართულებითაა განხორციელებული. მათი ნაწილი ეხება ტერმინთა განმარტებებს. კანონპროექტით ასევე წარდგენილია ცვლილებები პროცედურულ და არსებით საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ტყის საზღვრების კორექტირებისა და ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვის საკითხებთან. პროექტის თანახმად, ტყის მართვის ორგანოს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს კანონის დონეზე ეძლევა უფლება დააინიციროს ტყის საზღვრების კორექტირების საკითხი.
ცვლილებები ეხება ტყის ფონდის საზღვრების ამორიცხვის ზოგად კონცეფციას და ასევე დეტალური კრიტერიუმებით განისაზღვრება რა შემთხვევაში შეიძლება ტყის საზღვრის კორექტირება. ცვლილება ასევე ითვალისწინებს ტყის რესურსის მართვის ფუნქციის გაძლიერებას. მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება ტყეში უკანონო ჭრის შედეგად ნივთმტკიცებად დასაწყობებული მერქნით სარგებლობის საკითხს. მაია ბითაძის განმარტებით, შემუშავებული ცვლილებებით ხდება ჰარმონიზება დაცული ტერიტორიების კანონმდებლობასთან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.