„თბილისისთვის საფრთხე ავარიული ფონდია, 4-5-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“ – არქიტექტორი

“თბილისისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხე ავარიული საცხოვრებელი ფონდია, არ მინდა, მოსახლეობა დავზაფრო, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ 4-5-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, – ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ქალაქებში საღი შენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე – ავარიული.

„თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ბევრად ნაკლებია საღი შენობა. ბათუმის მსგავსი პრეცედენტები აცილებული კი არა, აუცილებლად იქნება და ძალიან გახშირდება, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა.

ყველაზე სერიოზული პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც, წინა საუკუნის 80-იანი წლების მიწურულ, ლოჯიების მიშენებაზე ნებართვები გაიცა. ცუდია, მაგრამ ნებართვა გაიცა და ისე მიაშენებს. ეს ნებართვები საზაფხულო ფართების მიშენებებზე იყო, შემედეგ – 90-იან წლებში მოსახლეობამ ამ საზაფხულო ფართების საცხოვრებელ ფართებად გადაკეთება თვითნებურად დაიწყო. დაიწყეს მისი მოშენება, შემინვა და ა.შ. რამაც შენობების გაავარიულება გამოიწვია.

დღეს კანონმდებლობით ყველა ამ სახლის მფლობელი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია თავის ქონებაზე. იგივე ანალოგია: ადამიანს მანქანა რომ გაუფუჭდება და თქვას, მერიამ არ გამირემონტაო. უსერიოზულესია, თითქმის განუხორციელებელია ამ „ხრუშჩოვკების“ და მიშნებების მქონე მოსახლეობასთან მოლაპარაკება.

ვიცი, თბილისში 50 -ზე მეტი სახლია, რომელიც ოდნავ ბიძგზე ჩამოიშლება. მერს ვურჩევ, არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ მძიმე ტექნიკა მოიყვანოს , ხალხი ძალით გამოიყვანონ და დემონტაჟი მოახდინონ, თორემ ეგეთი რამე მოხდება. ძალიან ბევრი სახლია ასეთი, მთელი მასივებია. ერთერთი სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი და რომ გენახათ, რა განცხადებები შემოდიოდა, დავდიოდი მისამართებზე. საჩივარი იყო შემოსული, რომ მეექვსე სართულზე, ლოჯიაში ვიღაცას საღორე ჰქონდა გაკეთებული, ასევე, ჰქონდათ საქათმეები, მაგალითად, კაცი, იყო, რომელმაც მეოთხე თუ მეხუთე სართულზე ამწეთი აიტანა „06“ მანქანა და არემონტებდა. ეგეთი ხალხი ვცხოვრობთ, რას ელოდებით?

სპეციალისტებმა, ცხადია, უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობა, მე ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს – დროზე გავაკეთოთ – ეს არის მშენებლობის სამინისტრო. თან ეს მშენებლობა ცუდია თუ კარგია, მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს, ამის რეგულაცია და სწორ ჩარჩოებში მოქცევა არის აუცილებელზე აუცილებელი. მე მგონია, რომ ეს არის პრიორიტეტი, რადგან თბილისისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხე ავარიული ფონდია, მე არ მინდა, მოსახლეობა დავზაფრო, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ 4-5 -ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა როსტომაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები