ომბუდსმენი: აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან საფუძვლიანად იქნას გაანალიზებული ქვეყანაში უსახლკარო პირთა გამოწვევები და გატარდეს კომპლექსური და სისტემური ღონისძიებები

“სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი კანონმდებლობა”,- ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან საფუძვლიანად იქნას გაანალიზებული ქვეყანაში უსახლკარო პირთა გამოწვევები და გატარდეს კომპლექსური და სისტემური ღონისძიებები.

“2021 წლის 10 ოქტომბერს უსახლკაროთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ამ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი და სოციალურად გარიყული ჯგუფის საჭიროებებზე და ხელი შეუწყოს სათანადო საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობას. გაეროს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება არ იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მას მაგალითად, მხოლოდ ჭერის ქონასთან გაათანაბრებდა, არამედ განიხილებოდეს როგორც ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება.

სამწუხაროდ სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით საქართველოში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. ხოლო უსახლკარო პირად მიჩნევის მუნიციპალური კრიტერიუმები სახალხო დამცველის შეფასებით არაკონსტიტუციურია, რის გამოც მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. ასევე არ არის შესწავლილი ქვეყანაში უსახლკარობის გამომწვევი ფაქტორები და დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა.

ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ უსახლკარო პირთა საჭიროებებზე საპასუხოდ მიღებული ზომები არასრულფასოვანია და არსებული გამოწვევების მასშტაბებთან მიმართებაში შეუსაბამო. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მობილიზებული თანხები, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ბინის ქირით დაკმაყოფილებას გულისხმობს, არასაკმარისია და სრულად ვერ ფარავს უსახლკარო პირთა ჯგუფებს, ხოლო ზოგან ასეთი მიზნობრივი პროგრამები საერთოდ არ არსებობს.

უსახლკარო პირები პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შექმნილმა მდგომარეობამ ხელისუფლების მხრიდან უსახლკარო პირთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის კომპლექსური და საყოველთაო მხარდამჭერი ზომების მიღების აუცილებლობა წარმოშვა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით, მხოლოდ პანდემიის დასრულებამდე იძულებით გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებით შემოიფარგლა, რაც რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი ქვეყანაში უსახლკარო პირთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობის ფონზე და ვერ პასუხობდა იმ საყოველთაო რეკომენდაციებს, რომლებიც სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ იქნა მოწოდებული.

აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან უახლოეს მომავალში საფუძვლიანად იქნას გაანალიზებული ქვეყანაში უსახლკარო პირთა გამოწვევები და გატარდეს კომპლექსური და სისტემური ღონისძიებები ქვეყანაში უსახლკარობის დასრულების ეტაპობრივად და შეუქცევადად უზრუნველსაყოფად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები