„სიგარეტის მოწევა სასტიკად ეკრძალებოდა, ის კი… ფრაზასაც ვერ წერდა უსიგარეტოდ“ – როგორ აქცია ჯუგაანში სახლი მწერლის მეუღლემ პატარა ოაზისად

10 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მწერალ თემურ აბულაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება და მემორიალური დაფა გაიხსნება.
იგი 2018 წელს 71 წლის ასაკში  გარდაიცვალა, ლამაზი შემოქმედება კი დაგვიტოვა – პროზაული კრებულები: „ჩიტები უფასოდ“, „ველის ხარი“, „გზა ვარსკვლავეთისაკენ“, „მდინარეს მიაქვს ამბავი“, „1992 წლის ფეხბურთი“…
ქართული თეატრების სცენაზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესებიც – „წეროს გუთანი უბია“, „სიცოცხლემისჯილი ტყვე“, „ფრინველების საქორწინო ცეკვები“, „თოჯინების სოფელი”, „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“…
დღეს რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია მწერლის მეუღლე, ქალბატონი ნონა მაქაცარია, რომელიც ბევრს აკეთებს მეუღ₾ის სახელის უკვდავყოფისთვის. სწორედ მისი თაოსნობით სოფელ ჯუგაანში  მწერლის სახლი პატარა ოაზისად გადაიქცა, სადაც მწერალი მეორე სიცოცხლეს განაგრძობს. მას 2022 წლის აპრილში 75 წელი შეუსრულდებოდა… ეს ინტერვიუც გარდასულ მოგონებებს აცხოველებს და მომავლისკენ გაჭრილი პატარა სარკმელია.

– სამეგრელოში  გაიზარდეთ. ისე რუდუნებით უვლით და პატრონობთ თემურ აბულაშვილის დანატოვარს, ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ ლიტერატურა, ხელოვნება….
– დავიბადე ზუგდიდში. მამა – გიორგი (ჟორა) მაქაცარია პროფესიით ინჟინერ-მშენებელი იყო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნამუშევარი. დედა გალინა (გაგალი) როგავა – მათემატიკის  მასწავლებელი, რომელიც დაოჯახების შემდეგ გახდა დიასახლისი, ხუთი შვილის აღმზრდელი, თავის  პედაგოგიურ გამოცდილებას უზიარებდა მათ.
ჩვენი  ოჯახი გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით, მეზობლების, მეგობრების, ახლობლების ლხინსა  თუ ჭირში თანადგომის საოცარი  უნარით, დაკავებული იყო ქველმოქმედებით. სამეგრელოსათვის  დამახასიათებელი  პურ-მარილით.
ოჯახი ხშირად  მასპინძლობდა უამრავ კოლორიტს: წარჩინებულ მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებს.აქ იმართებოდა სალონური საღამოები, სადაც ზეიმობდა  ქართული  ლექსი, სიმღერა, ცეკვა. მშობლები პატარაობიდანვე გვინერგავდნენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, სამართლიანობას.
ყველაზე  საინტერესო ჩემი ბავშვობიდან ის იყო,  რომ  პირველკლასელს მიმაღებინეს მონაწილეობა ზუგდიდის თეატრში გამართულ საიუბილეო  საღამოზე, რომელიც  ეძღვნებოდა დიდ ქართველ მსახიობს აკაკი  ხორავას, მე  წავიკითხე  ვაჟა-ფშაველას  ლექსი  – „დაგვიანებული პასუხი  აკაკის“.  მოწონების ნიშნად დავიმსახურე მხურვალე ტაში  და ხორავას ამბორი.
– სკოლის პერიოდი… რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?
– სკოლის პარალელურად ვიყავი მოსწავლეთა სასახლის დრამატული წრის წევრი, სადაც ვმონაწილეობდი სხვადასხვა სპექტაკლში. ხან  ვიყავი წამყვანი, ხან  რომელიმე როლს ვანსახიერებდი, მაღალ  კლასებში კი ვცეკვავდი  და საბავშვო ოლიმპიადებში აქტიურად ვიყავი ჩართული.
დავიმსახურე საერთაშორისო პიონერთა ბანაკ „არტეკის“ საგზური, რომელიც საზეიმო ვითარებაში გადმომცა ზუგდიდის განათლების განყოფილებამ.
წარჩინებით დავამთავრე ზუგდიდის პირველი საშუალო, საუკუნოვანი სკოლის ათი კლასი, სკოლისა, სადაც სწალობდნენ ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ:   მათემატიკოსი ილია ვეკუა, ისტორიკოსი შოთა მესხია, გვანჯი  მანია და სხვა გამოჩენილი ადამიანები. ასეთ გარემოცვაში ყოფნამ, ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარულმა, აქტიურმა შემოქმედებითმა  ცხოვრებამ გადამაწყვეტინა ამერჩია ჟურნალისტის პროფესია, თანაც ჩემთვის ვწერდი ჩანახატებს.
– როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე – მწერალი თემურ აბულაშვილი?
– თემურ აბულაშვილი, გავიცანი თსუ -ში გამოცდების პერიოდში, კერძოდ,  ბოლო, მეოთხე – უცხო ენის  (ინგლისურის) გამოცდაზე. მოვხვდით  ერთი და იმავე გამომცდელთან . მახსოვს, მე  მივიღე შეფასება –  ოთხი, მას კი სამიანსაც არ უწერდნენ, რადგან ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო და ვერ მოესწრო  საგამოცდო პროგრამის სათანადოდ მომზადება, რაღაც წინადადება გადავუთარგმნე და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მისი შეფასებისა, რითაც მოხვდა იგი ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჟურნალისტის სპეციალობით  (მაშინ  ცალკე არ არსებობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი).
– და როგორც ვიცი, ერთ ჯგუფშიც მოხვდით…
– 1970 წლის პირველი სექტემბერია, შევდივარ  თსუ-ს პირველი კორპუსის მეორე სართულზე ერთ-ერთ აუდიტორიაში, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა  ქართული ჟურნალისტიკის მაესტროს – ნოდარ ტაბიძეს. ცოტას ვღელავდი იმის ფიქრით, თუ როგორ შემხვდებოდნენ თანაკურსელები, როგორ წარიმართებოდა მომავალში ჩემი ურთიერთობა მათთან, აუდიტორიაში შესვლისთანავე გამჭოლი მზერა ვიგრძენი ერთ-ერთისგან, თან რაღაცა უცნაური ხმით.
მივიხედე და ჩემს გაოცებასაც საზღვარი არ  ჰქონდა, ეს პიროვნება აღმოჩნდა თემურ აბულაშვილი, ვერც მე და ვერც მას ვერ წარმოედგინა, თუ ჩვენ ერთად მოვხვდებოდით ერთ ჯგუფში.
აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ჯერ მეგობრობით, შემდეგ კი იმ სერიოზული გრძნობის გაჩენით, რომელიც დაგვრიგვინდა ჩვენი  ქორწინებით. ეს მოხდა 1972 წლის 4 მარტს.
– ბევრი რამ საინტერესო იქნებოდა თანაცხოვრებიდან…
– რა თქმა უნდა. მან, კახეთის კოლორიტით აღზრდილმა, შეიყვარა სამეგრელო, ყველას, ჩემს საახლობლო და სანათესაო წრეს, შეაყვარა თავი კეთილშობილებით, თავისი შემოქმედებით.
მეგრელი ხალხის სიყვარულს  მიუძღვნა ნოველა „სტუმარი“, რაც შეეხება კახეთის კოლორიტით ჩემს  დაინტერესებას, ჯუგაანში  ბაღჩაში ჩამიდგა ისეთი თონე, რომ მე შემძლებოდა პურის გამოცხობა. ეს თონე დღესაც მოქმედია.
იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანაცხოვრების  პერიოდში გვიკამათია კიდეც  (არცერთი  ოჯახი  არ  არსებობს უამისოდ), მაგრამ  ეს  უფრო ეხებოდა თემურის ჯანმრთელობას, დაავადებული  იყო  სისხლძარღვების  შევიწროებით და სიგარეტის  მოწევა  სასტიკად  ეკრძალებოდა. ის კი თავს  ვერ ართმევდა ამ მავნე  ჩვევას, უფრო  მეტიც, ერთ ფრაზასაც  ვერ  წერდა უსიგარეტოდ. მისი  სამუშაო  ოთახი  მუდამ თამბაქოს  კვამლით  იყო  გაჟღენთილი და ყოველ  საათში საჭირო  ხდებოდა მისი  განიავება, სავსე საფერფლის დაცლა. საფერფლედ  ხშირად  ხმარობდა სხვადასხვა  ნიჟარას, ბოლოს ლექსიც  კი  მიუძღვნა მას. სწორედ  სიგარეტი გახდა საბოლოოდ მისი ლოგინად  მიჯაჭვის  მიზეზი.

ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად

– როგორ მუშაობდა თემური?
– თემური ძალიან მიზანდასახული შემოქმედი იყო. ჰქონდა  პერიოდები: ფიქრის, დაკვირვების. ერთი  შეხედვით, გეგონებოდა, ისვენებსო, მაგრამ ამ დროსაც ვგრძნობდი, რომ მას რაღაც შინაგანად  აფორიაქებდა, მერე უცბად გადმოღვრიდა თაბახზე ნააზრევს, ასწორებდა, აშალაშინებდა, ამას ეძახდა ფრაზაზე მუშაობას, ერთი და იგივე აბზაცს,  ყველაზე ცოტა, ხუთჯერ  და ყველაზე ბევრი – ათჯერ მაინც რატომ არ გადაწერდა, რასაკვირველია, ამ დროს ითხოვდა სიწყნარეს ოჯახის წევრებისგან, განსაკუთრებით ბავშვებისაგან. ამიტომაც უფრო ხშირად საღამოს საათებში მუშობდა. ხშირად შემოათენდებოდა ხოლმე.
მისი შემოქმედების პირველი წამკითხველი  ხომ მე ვიყავი, მაგრამ ჰყავდა ისეთი მეგობრებიც, რომელთა აზრს ამა თუ იმ საკითხზე უსათუოდ გაიზიარებდა, მაგალითისთვის შემიძლია  დავასახელო ღირსეული მწერალი და ჩვენი ოჯახის უღალატო მეგობარი თამაზ ბიბილური, იგივე ბიბი, როგორადაც  ვეძახდით მას.
– მახსოვს აფხაზეთის თემაზე დაწერილ  ნოველას –  „1992 წლის ფეხბურთი“  როგორი დიდი რეზონანსი ჰქონდა… მას გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა…
– თემურს ძალიან უხაროდა შემოქმედებითი წარმატებები, ეს  განსაკუთრებით გამოჩნდა დრამატურგიული მოღვაწეობის პერიოდში. მისი პიესები იდგმებოდა სხვადასხვა თეატრში, მიღებული ჰქონდა ჯილდოები და ყველაზე  მთავარი –  მაყურებლის სიყვარული. აფხაზეთის თემაზე დაწერილმა ნოველამ კი „1992 წლის ფეხბურთი“ იგი უფრო პოპულარული გახადა.
– მოგვიანებით მისმა ნოველამ „მეწისქვილის ბიჭი და სახედარი“ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსშიც გაიმარჯვა, მეორე პრემია მიიღო…
– უზომოდ უყვარდა რევაზ ინანიშვილის შემოქმედება… ეს გამარჯვებაც ბავშვივით უხაროდა…
თემური სხვა  საქმეებითაც  იყო  დაკავებული –  კარგად  ხატავდა, კარგად წნავდა, ნახატები და დაწნული ნივთები ინახება ჯუგაანში მისი  შემოქმედებისთვის  განკუთვნილ ოთახში. თემურს უყვარდა ყველანაირი მუსიკის მოსმენა, მებაღეობა, კერძოდ, ყვავილების, მცენარეების მოვლა. ასევე  კარგად  ესმოდა მევენახის საქმიანობა, ის ერთდროულად ათავსებდა ერთმანეთთან როგორც  გონებრივ, ასევე  ფიზიკურ მუშაობას. იყო  კარგი შვილი, კარგი მამა,  კარგი  მეუღლე, კარგი  მეგობარი.
– თემურის გარდაცვალების შემდეგ თქვენ პატრონობთ მის შემოქმედებას. ალბათ საინტერესო არქივი ექნება დარჩენილი…
– თემური ორწელიწად- ნახევარი მიჯაჭვული იყო ლოგინს, ინსულტის შედეგად, ჰქონდა  ფეხების გაუსაძლისი ტკივილები, ვუკეთებდით ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ხშირად გათიშულს ეძინა. ზოგჯერ, აზრზე მოსული, სულ გაიძახოდა, წამიყვანეთ ჯუგაანში, ჩემს სამოსახლოში, იქ არიან ჩემებიო.  ალბათ დედ- მამას გულისხმობდა.
თემურის მამა იოსებ აბულაშვილი პროფესიით  აგრონომი,  კარგი მევენახე იყო. ზედმიწევნით იცოდა ვაზის მოვლის, მოშენების მთელი რიტუალი, წლის დასაწყისიდან, ე.ი. იანვრის თვიდან დაწყებული  დეკემბრის ჩათვლით. თუ რა სჭირდებოდა  ამ სასიქადულო მცენარეს. თემურმა, რასაკვირველია, გაითვალისწინა ეს ყოველივე და მოგვიანებით, როდესაც გახდა პროფესიონალი ჟურნალისტი, მამისეული გამოცდილება გამოიყენა  თავისი მნიშვნელოვანი  ნარკვევის „საძირე და სამამულეს” შესაქმნელად, რომელიც ეხებოდა ვაზის კულტურას. ეს ნაწარმოები დაიბეჭდა ჯერ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ და შემდეგ – გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“.
თემურის დედა – ციცინო ხუციშვილი  იყო რუსული ენის მასწავლებელი. თავისი პედაგოგიური  გამოცდილებით ზრდიდა იგი შვილს. ბავშვობიდანვე უნერგავდა  წიგნის სიყვარულს. მოუწოდებდა,  ბევრი  წაეკითხა და მიეღო წიგნიერი განათლება. მართლაც, თემური წიგნებზე უზომოდ შეყვარებული, ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ ღებულობდა, როდესაც თავის ბიბლიოთეკას ავსებდა ახალ-ახალი გამოცემებით.

თამაზ წივწივაძესთან ერთად

ბოლო თვეებში იგი თითქმის  სულ გათიშული იყო. ეს ნატვრა, რასაკვირველია, ჩვენ მას ვერ შევუსრულეთ. სიკვდილიდან რამდენიმე დღის  წინ გადავიყვანეთ  საავადმყოფოში, რადგან შინაური  პირობებით მისი მოვლა შეუძლებელი გახდა.
თემური გარდაიცვალა 2018 წლის 30 ნოემბერს, დავკრძალეთ თბილისის ზღვასთან მდებარე სასაფლაოზე. მას ბევრი რამის გაკეთება სურდა, კერძოდ, თავისი არქივის გადახალისება, თავისი შემოქმედების ერთად თავმოყრა, მაგრამ არ დასცალდა. მის არქივს ამჟამად მე ვპატრონობ, ბევრი რამ ჩემთვისაც უცნობი იყო და ახლა ვეცნობი. მართლაც, საინტერესო არქივი აღმოაჩნდა.
– სოფელ ჯუგაანში ბევრს აკეთებთ, რომ მწერლის მუზეუმმა იარსებოს…
–  ჯუგაანი ძალიან უყვარდა თემურს, თვლიდა თავის სამოსახლოდ,  ხშირად დადიოდა უძრაობის პერიოდშიც კი, როცა არ იყო ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და ამბობდა: „ესეც რომანტიკააო“. მასაც მე ვპატრონობ, გავიყვანე გაზი, სინათლე, წყალი. სახლის ერთ-ერთ ოთახში  თემატურად მოვაწყე თემურის ცხოვრებისა და  შემოქმედების  ამსახველი კუთხეები შესაბამისი სურათებით. თაროებზე  განვათავსე   თემურის   პირადი ნივთები, გამოცემული წიგნები, ჟურნალები, ბიბლიოთეკა.
ერთი სიტყვით, ვფიქრობ, შევქმენი  სასიამოვნო გარემო მის მოსაგონრად, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, კერძოდ, სჭირდება ბაღჩას, ეზოს, მცენარეებს მოვლა, ტალავერზე ყურძნის ჯიშებს განახლება, სანიაღვრებს  გაკეთება, თავად სახლს შეკეთება და ასე შემდეგ.
– შვილები…
– თემურის ვაჟიშვილს ბექას, რომელიც პროფესიით მომღერალია და მუშაობს ეროვნულ კაპელაში ცოლთან, ქეთევან  ბერაძესთან, ერთად  ჰყავს ორი ვაჟიშვილი: ლევანი და დავითი. ლევანი უფროსია და მსახურობს, დავითი კი არის სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ჩვენი ქალიშვილი, სალომე „112“-ის თანამშრომელია, მაიორის წოდებით, მისი ქალიშვილი თამარ ჩერქეზიშვილი კი მეათე კლასის სკოლის მოსწავლეა.
– ხომ არ პირებთ თემურის ახალი წიგნის გამოცემას?
– მინდა თემურის ხსოვნას მივუძღვნა ორტომეული, რჩეულის სახით, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველაფერი, რაც თემურს შეუქმნია და ისიც, რაც მასზე დაწერილა. ეს იყო თემურის  სურვილი. ღმერთმა თუ ინება, გამოცემას ვფიქრობ ახლო მომავალში, – გაზაფხულისკენ, აპრილში თემური 75 წლის გახდებოდა.
– როგორ ჩატარდება 10 ოქტომბერს საღამო ჯუგაანში?
– 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც  არიან თემურის ახლო მეგობრები, ნათესავები, დაათვალიერებენ მის ოთახს, ეზო-გარემოს, ბექას და მისი მეგობრებისგან შემდგარი „ტრიოს“ სიმღერების ფონზე, მოიგონებენ და გაიხსენებენ თემურთან გატარებულ დღეებს, ილაპარაკებენ მისი შემოქმედების შესახებ, ბოლოს  სახლის კედელზე დამონტაჟდება თემურის სახელობის მემორიალური დაფა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები