ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი: ნატო-სა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ
„სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას. ნატო-ს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ნატო-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო. ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც ნატო-ს არაპარტნიორ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ კონტრიბუტორზე გაამახვილა ყურადღება. ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი.
ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს ნატო-ს კოსოვოს მისიაში, ასევე, ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების საქმიანობაში ჩართულობაზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელების საკითხებს. მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არა მხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით.
ასევე, დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.